ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთში მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია
სომხეთის ტერიტორიაზე მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
სომხური მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:22 საათზე მოხდა. ეპიცენტრი კი, საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
როგორც სომხური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, მიწისძვრა შირაქში, ლორეში, ტავუშში, არაგაწოტნიში, ასევე, დედაქალაქ ერევანში იგრძნობოდა.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა.