ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრაზილიის ციხეებიდან ასობით პატიმარი გაიქცა
ბრაზილიის ციხეებიდან ასობით პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სან-პაულუს შტატის სასჯელაღსრულების უწყების ცნობით, მასობრივი გაქცევა ოთხი ციხიდან კორონავირუსის გამო ციხეებში კარანტინის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, ოთხი ციხიდან ათასზე მეტმა პატიმარმა შეძლო გაქცევა.
ბრაზილიის ხელისუფლების მიერ ციხეებში გამოცხადებული კარანტინის ფარგლებში პატიმრებს ერთი დღით გათავისუფლების უფლება შეეზღუდათ. სან-პაულუს ხელისუფლება პატიმრების ერთი დღით გათავისუფლების უფლების შეზღუდვას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებლობად მიიჩნევს. აღნიშნული უფლებით შტატში 34 ათასზე მეტი მსჯავრდებული სარგებლობს.
ბრაზილიაში კორონავირუსის 234 შემთხვევაა გამოვლენილი.