ადგილობრივი მედიის ცნობით, კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილს 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა
სომხური მედიის ცნობით, კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსმა შვილს მრავალრიცხოვანი ქორწილი გადაუხადა. საუბარია არტაკ დავთიანზე, რომელმაც ქორწილის გადახდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გადაწყვიტა.
როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილი ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა და მას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, აგარაკის შესასვლელთან უამრავი მანქანა იდგა. მათ შორის, სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებიც.
მოგვიანებით, დავთიანმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ქორწილი კარანტინის დარღვევას არ წარმოადგენდა და ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
ამასთან, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მოუწოდებს მედიას, გაითვალისწინონ, რომ მაღალჩინოსნებსაც აქვთ პირადი ცხოვრების უფლება.