ადგილობრივების ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დილიდან 15-მდე მანქანა პატრულირებს
ადგილობრივების ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დილიდან 15-მდე მანქანა პატრულირებს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დილიდან 15-მდე მანქანა პატრულირებს, – ამის შესახებ პირველ არხს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის მცხოვრებლებმა განუცხადეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელ აძვისთავში სამხედროების გამოჩენა ოკუპირებული რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, რომელშიც დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტი საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ დაუშვებენ რელიგიური ღონისძიებების ჩატარებას და „საზღვრის კვეთის ყველა მცდელობა იქნება აღკვეთილი“.

საოკუპაციო რეჟიმის გაფრთხილებისა და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ე.წ. საზღვართან კონტროლის გაძლიერების შემდეგ, ატენისა და გორის მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ სოფელ აძვისთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება წელს არ ჩატარდება. სოფელ აძვისთავის ნაცვლად, ატენისა და გორის მიტროპოლიტი პარაკლისს სოფელ აძვში მდებარე სამების ტაძარში ატარებს.

ამასთან, პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სოფელ აძვთან იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველები.