ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელ ყობის ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის პროცესი არ მიმდინარეობს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის პროცესი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ადგილობრივებმა განუცხადეს.
სოფელ ყობის მკვიდრი გენო ბოსიკოვი აცხადებს, რომ ოკუპანტები სამუშაოებს ყოფილი ზნაურის ტერიტორიაზე, ყობის დასავლეთით აწარმოებენ.
„მდინარის პირზე ჩავიდნენ და აღნიშნულ სამუშაოებს ვერ ვხედავთ. სამუშაოები სოფელ ყობის დასავლეთ მხარესაა, ჩვენგან დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში. ტექნიკა მუშაობდა, ტექნიკით გზა გაჭრეს. ეს გზა ჩორჩანის მხრიდან, ტყიდან შემოვიდა. სოფლის ტერიტორიაზე არაფერი ხდება. ჩორჩანასა და წაღვლის ტყის მონაკვეთზეა ახალი გზა გაჭრილი. დაბლა, მდინარის მონაკვეთზე რა ხდება, ვერ გეტყვით. იქ ჩასვლა უკვე საფრთხის შემცველია. ევროკავშირის დამკვირვებლებიც აქ არიან“, – განუცხადა გენო ბოსიკოვმა საქართველოს პირველ არხს.
ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ წაღვლში ვაჟა ლომიძე ამბობს, რომ ყობს ესაზღვრება ოკუპირებული სოფელი წნელისი.
„ყობსა და წნელისს მდინარე ფრონე ყოფს. წყლის მეორე მხარეს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. წაღვლთან რომ პოსტი გააკეთეს რუსებმა, ამ პოსტიდან იჭრება ეს გზა და ჩადის სოფელ წნელისში. ძალიან სახიფათოა იქ ჩასვლა, მე არ ჩავსულვარ“, – აცხადებს ვაჟა ლომიძე.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი უკვე გაკეთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ. სუს-ში განმარტავენ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი არ მიმდინარეობს. რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.