ადამიანთა საქმიანობის გამო, ამ მწერებმა ფერი შეიცვალეს — #1tvმეცნიერება
ახალი ზელანდიის ბინადარმა მწერმა, რომელიც ერთ დროს თავის შხამიან მეზობელს ჰბაძავდა (მიმიკრია), გაუტყევებულ ადგილებში ფერი შეიცვალა, რაც კიდევ ერთი მაგალითია ადამიანის მიერ მართული ევოლუციისა.
გრძელკუდა მეგაზაფხულეს (Zelandoperla) მტაცებელი ფრინველების თავიდან აცილების ჭკვიანური სტრატეგია ჰქონდა: იერსახით ჰბაძავდა უნიკალურად შხამიან მეგაზაფხულეს, Austroperla-ს — ტყის ბინადარს, რომელიც მტაცებლებს ციანიდის გამომუშავებით იცილებდა თავიდან.
ახალი ზელანდიის ქალაქ ოტაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ ადგილებში, სადაც ტყე გაიჩეხა, სადაც Austroperla აღარ ბინადრობს და მტაცებელი ფრინველიც ცოტაა, ზოგიერთმა Zelandoperla-მ შენიღბვაზე უარი თქვა.
მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა წარმოაჩენს, რომ გარემოს უცაბედი ცვლილებებისას, პოპულაციებს მასთან სწრაფად ადაპტირება შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ გრძელკუდა მეგაზაფხულეს საკუთარი ტოქსინები არ აქვს, საკუთარი გენეტიკური ხელსაწყოებით შეძლო, რომ ამით მეზობელი მეგაზაფხულე Austroperla-სთვის მიებაძა და შავად შეფერილიყო.
ასე შენიღბვის გამო, ფრინველები ვეღარ არჩევდნენ, რომელი მეგაზაფხულე იყო სინამდვილეში შხამიანი და რომელი არა.
თუმცა, Austroperla ტყის ბინადარია — ცხოვრობს ნაკადულებში, სადაც იკვებება ფოთლებითა და ხის ნარჩენებით. გაუტყევებულ ზონებში, მისი საყვარელი საკვები მწირადაა და შესაბამისად, ეს არსებაც ნაკლებადაა წარმოდგენილი.
„ადამიანთა გამოჩენის შემდეგ ტყის გაჩეხის შედეგად, გაქრა ეს შხამიანი სახეობაც. შედეგად, გაუტყევებულ ზონებში, მიმბაძველმა მწერებმა ეს სტრატეგია დაივიწყეს, რადგან მისაბაძი აღარაფერია; ამის ნაცვლად, მათ სხვა ფერი ჩამოუყალიბდათ“, — ამბობს ზოოლოგი ჯონ უოტერსი.
მეცნიერებმა გამოუყენეს საველე დაკვირვებები, მტაცებლობის ექსპერიმენტები და გენების ანალიზი, რითაც აჩვენეს ამ მწერის რეაქცია ადამიანის მიერ გამოწვეულ ცვლილებაზე.
ორი სხვადასხვა ფერის Zelandoperla-ზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში მათ დაადგინეს, რომ მტაცებლები ტყიან გარემოში თავს ესხმიან მხოლოდ არამიმიკრირებულ (შეუნიღბავ) მეგაზაფხულეებს.
ახალი ზელანდიის სამხრეთ ნაწილში ტყის სასტიკი ჩეხა 1800-იანი წლებიდან დაიწყო, როცა იქ ევროპელი ახალმოსახლეები მივიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა სულ რამდენიმე საუკუნეში მოშალეს მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკოლოგიური ურთიერთკავშირები, ახალი აღმოჩენა მიუთითებს, რომ ზოგიერთ სახეობას ამასთან შეგუება მაინც შეუძლია.
„ეს კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ტყის ჩეხის საპასუხოდ, ერთნაირი ცვლილებები განიცადეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა პოპულაციებმა“, — ამბობს ზოოლოგი გრაჰამ მაკკალოჩი.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია otago.ac.nz-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.