ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
მხოლოდ აშშ-ში, ორგანოთა გადანერგვის რიგს ასი ათასზე მეტი ადამიან ელოდება; მეცნიერები აქტიურად ცდილობენ იპოვონ გზა ადამიან დონორთა მიღმა. ამჯერად, პირველად ისტორიაში, ღორის თირკმელი ადამიანს წარმატებით გადაუნერგეს.
როდესაც ვამბობთ „წარმატებით“, იგულისხმება მხოლოდ 54 საათის განმავლობაში ტესტირება ადამიან პაციენტში, რომლის ტვინის უკვე მკვდარი იყო და სხეულს სიცოცხლეს ხელოვნურად უნარჩუნებდნენ. თუმცა, როგორც გადანერგვის ჯგუფმა იხილა, ამ პერიოდის განმავლობაში თირკმელი სხეულს მიუერთდა და ნორმალურად ფუნქციონირებდა.
ტექნიკურად ამას ქსენოტრანსპლანტაციას უწოდებენ, ანუ როდესაც ერთი სახეობისგან ქსოვილებს ან ორგანოებს მეორე სახეობას უნერგავენ. თუ ამ მოწინავე ცდამ გაგრძელება ჰპოვა, ადამიანებისთვის ღორები შეიძლება ორგანოთა დონაციის უხვი წყარო გახდნენ. ამჟამად, მხოლოდ აშშ-ში, ყოველდღიურად 17 ადამიანი იღუპება ორგანოს გადანერგვის მოლოდინში.
„უზარმაზარი გარღვევაა, ძალიან, ძალიან დიდი საქმე“, — ამბობს ჯონს-ჰოპკინსის მედიცინის სკოლის ტრანსპლანტაციის ქირურგიის პროფესორი დორი სეგევი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ჯერ კიდევ დასაძლევი რჩება მრავალი სირთულე, მათ შორის ნებართვა მარეგულირებლის მხრიდან, მაგრამ ცხოველების ორგანოების გამოყენება ის გზაა, რომელიც შეიძლება ასობით ათას ისეთ ადამიანს დაეხმაროს, რომლებიც დიდი რისკის ქვეშ არ ითვლებიან, მაგრამ ესაჭიროებათ თირკმლების დიალიზის პროცედურა.
ღორის ორგანოები ადამიანთათვის პოტენციურად შესაფერისად უკვე დიდი ხანია მიიჩნევა, მაგრამ ღორის უჯრედები შეიცავს შაქარს, სახელად ალფა-გალი, რომელიც ადამიანის სხეულის მხრიდან დაუყოვნებლივ იწვევს მიუღებლობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ღორი გენური ინჟინერიით ისე დაამუშავეს, რომ ალფა-გალი არ ეწარმოებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ღორის თირკმელი პაციენტის სხეულში არ მოუთავსებიათ და გარედან მიუერთეს, ოპერაციის დროს ის თავის ფუნქციას მაინც ასრულებდა: სისხლიდან ფილტრავდა ნარჩენ პროდუქტებს და შარდს აწარმოებდა.
„იმაზე უკეთესად მუშაობდა, ვიდრე ვიმედოვნებდით“, — ამბობს ქირურგი რობერტ მონტგომერი, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
ოპერაციის შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა რეცენზირებული სამეცნიერო მოხსენება, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ექსპერტთა განცხადებით, მომდევნო ორ წელიწადში შეიძლება ჩატარდეს ღორის თირკმლებით ცდები კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებზე, რომლებსაც სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დარჩათ.
გასათვალისწინებელია ეთიკური მომენტებიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული პაციენტის ოჯახი ცდაზე თანახმა იყო, ყველა შეიძლება ასე არ მოიქცეს.
რამაც შეიძლება ღორის ორგანოები უფრო მისაღები გახადოს, ვიდრე სხვა ცხოველების, მაგალითად, მაიმუნების, არის ის, რომ ღორებს საკვებად ისედაც კლავენ. გარდა ამისა, აქვთ ჩვენი მსგავსი ორგანოები.
ადამიანებში გადანერგვისთვის უკვე გამოიყენება ღორის კანი დამწვრობისას და გულის სარქვლები. ექსპერიმენტები უკვე ჩატარებულია ბაბუინებში ღორის გულის გადანერგვაზე, ანუ გარკვეული პრეცედენტები უკვე არსებობს. ექსპერტები უახლოეს წლებში ადამიანებში ღორის ორგანოების გამოყენების პოტენციალის ზრდას გეგმავენ.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქსენოტრანსპლანტაციის იმედის ხორცშესხმისკენ, რაც არც ისე შორეულ მომავალში, ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს“, — ამბობს მარტინ როტბლატი, კომპანია United Therapeutics-ის ხელმძღვანელი, რომელმაც ღორი გენური ინჟინერიით დაამუშავა.
მომზადებულია New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.