რიგით მეორე ეროვნული სიმულაციური ტრენინგის – „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“ დახურვის ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნიბით, ეროვნული სიმულაციური ტრენინგის მიზანი მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომისა და უწყებათაშორისი კოორდინაციისა და თანამშრომლობის განხორციელების მიმართულებით სფეროში დასაქმებული პრაქტიკოსების უნარ-ჩვევების ამაღლებაა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დანაშაულის დროულ გამოვლენასა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა საზოგადოებაში ეფექტიან ინტეგრაციას.
„ტრენინგი უნიკალური შესაძლებლობაა გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის, შრომის ინსპექტორებისთვის, იურისტებისთვის, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის სიმულაციურად შექმნილ, მაქსიმალურად რეალურ და, ამავდროულად, უსაფრთხო გარემოში ჩაერთონ ადამიანით ვაჭრობის შემთხვევის გამოვლენისა და მასზე შემდგომი რეაგირების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც სიმულაციური ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სწავლების ერთ-ერთ წარმატებულ მეთოდად დაინერგა. პირველი ტრენინგი 2022 წელს ჩატარდა. წელს საქართველოში მეორედ განხორციელდა მსგავსი სწავლება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო, უკვე მე-9 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო, არაერთი ევროპული ქვეყნის გვერდით, კვლავ ინარჩუნებს ადგილს შეფასების უმაღლეს საფეხურზე, ე.წ. პირველ კალათაში.
ღონისძიება საქართველოში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ეროვნული სიმულაციური ტრენინგი გაიმართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. მისი პარტნიორები არიან: იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სიმულაციური ტრენინგი 20 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბერს დასრულდა.