ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილის საქმეზე მხარეთა შორის მორიგება არ შედგა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 2020 წლის 8 იანვარს, ორგანიზაციას ევროსასამართლოსგან ოფიციალურად ეცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ე.წ. სადავო პროცედურების განხილვა დაიწო, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროსასამართლოს მიერ, მხარეებისთვის მიცემული 12-კვირიანი ვადა, მეგობრული მორიგების შესაძლებლობის განსახილველად ამოიწურა და მხარეებმა მორიგებაზე უარი განაცხადეს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ სადავო პროცედურების ფარგლებში, მთავრობას განესაზღვრა ვადა, 2020 წლის 31 მარტამდე ევროსასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადთან დაკავშირებით, ასევე უპასუხოს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებსა და მოთხოვნებს.
„შეგახსენებთ, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მთავრობასთან კომუნიკაცია 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაიწყო. ევროპულმა სასამართლომ, მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით, კითხვებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა.
მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა. მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და მე-13 მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე. კერძოდ, განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს. ოჯახის წევრები ასევე დავობენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო. დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავენ.