ადამიანის უფლებათა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს
ადამიანის უფლებათა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს

ადამიანის უფლებათა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს მზადყოფნა, რომ აქტიური კონსულტაციები გაიმართოს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეუდგება უკვე წარდგენილი კანონპროექტის განხილვას. ძალზედ მნიშვნელოვანი კანონპროექტია, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ფართო წრეს ადამიანებისას, რომლებიც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, შეეხებათ ეს ამნისტია და იმ მუხლებს, რომელიც ამავე კანონპროექტით არის შეთავაზებული. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც იმთავითვე აღინიშნა, ჩვენი განწყობა და მზადყოფნა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიური კონსულტაციები გავმართოთ სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის. ამის შედეგად გვექნება საშუალება, რომ დაბალანსებულ ვერსიაზე შევთანხმდეთ იმ მუხლებსა და შეღავათებზე, რასაც გაითვალისწინებს ეს ამნისტია. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ საიმისოდ, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის რამდენიმე ფუძემდებლურ პრინციპებს მიეცეს განხორციელების შესაძლებლობა და მათ შორის უმთავრესი გახლავთ ჰუმანიზმის პრინციპი“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტის თანახმად, ამნისტიის აქტი, ძირითადად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან/და თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა აანაზღაურა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი.

კანონპროექტის ინიციატორი მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ამნისტიის აქტის მოქმედების სფეროში მოქცეულ ქმედებათა უდიდესი ნაწილი არაძალადობრივი ხასიათით გამოირჩევა, ამასთან, მათ შორის არ არის კორუფციული დანაშაულები და არ არის არც ერთი ისეთი ქმედება, რომელმაც თუნდაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.