ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას მიერ შეტანილი განაცხადი დაუშვებლად ცნო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას მიერ შეტანილი განაცხადი დაუშვებლად ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას მიერ შეტანილი განაცხადი დაუშვებლად ცნო და განჩინება გამოაქვეყნა.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდზეა აღნიშნული, განაცხადი ეხება მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების სავარაუდო უსამართლობას, რომელიც დამძიმებული მკვლელობისთვის სასჯელს იხდის.

„მის სასამართლო პროცესს, რომელიც მედიაში ფართოდ გაშუქდა, რადგან იგი ეხებოდა თბილისში, სკოლაში მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი მოზარდის სიკვდილს, წინ უსწრებდა საპარლამენტო გამოძიება. გამოძიებამ, სხვა საკითხებთან ერთად, რეკომენდაცია გაუწია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. მომჩივანი ეყრდნობა კონვენციის მე-6 მუხლის §§ 1 და 3 (დ) პუნქტებს.

2020 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მიუსაჯა თერთმეტი წლით და სამი თვით პატიმრობა. მისი მსჯავრდება დაეფუძნა, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს ჩვენებებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივად იდევნებოდნენ და გასამართლებული იყვნენ იმავე ინციდენტთან დაკავშირებით ცალკე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. 2020 წლის 21 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მოწმეთა მოსმენის გარეშე, სრულად დატოვა ძალაში მომჩივნის მსჯავრდება. 2020 წლის 29 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი.

მომჩივანი ჩიოდა, კონვენციის მე-6 მუხლის §§ 1 და 3 (d) პუნქტების საფუძველზე, რომ მას არ ჰქონდა სამართლიანი სასამართლო, ვინაიდან უზენაესი სასამართლო, მისი გამამტყუნებელი განაჩენის გამყარებისას, დაეყრდნო გ.ჯ და გ.ბ-ს ჩვენებებს, რომელთა დაკითხვის შესაძლებლობაც მათ არ მიეცა მას შემდეგ, რაც მათ შეცვალეს თავიანთი ჩვენებები სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ამასთანავე, განმცხადებელი ჩიოდა, რომ მის სასამართლოს წინ უძღოდა იმავე ფაქტების გამოძიება სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ.

2023 წლის 22 ნოემბერს სასამართლომ მთავრობას შეატყობინა განაცხადის შესახებ. მხარეებს სთხოვეს, 2024 წლის 14 თებერვლამდე ეცნობებინათ თავიანთი პოზიციები საქმის მორიგებით დასრულების შესახებ და წარმოედგინათ წინადადებები, თუ ისინი ამას ისურვებდნენ. წერილი მომჩივანს აფრთხილებდა მორიგების მოლაპარაკებების მკაცრი კონფიდენციალურობის მოთხოვნის შესახებ, სასამართლოს რეგლამენტის 62-ე წესის § 2 პუნტქის შესაბამისად.

რადგან მხარეებს შორის მორიგების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, 2024 წლის 16 თებერვალს სასამართლომ მთავრობას მოსთხოვა, წარმოედგინა თავიანთი წერილობითი შენიშვნები საქმის დასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ. შესაბამისი წერილი, რომელიც ეხებოდა განაცხადის კომუნიკაციის შემდგომი პროცედურების შესახებ საინფორმაციო შენიშვნას, გაეგზავნა მომჩივნის წარმომადგენელს.

2024 წლის 22 თებერვალს მთავრობამ სასამართლოს აცნობა, რომ მომჩივანმა არ დაიცვა მოლაპარაკებების კონფიდენციალურობა და მედიაში გაამჟღავნა, სხვა საკითხებთან ერთად, საკუთარი წინადადების შინაარსი. მთავრობამ წარმოადგინა ორი ბმული მომჩივნის წარმომადგენლის მიერ მედიასთან ჩაწერილი ინტერვიუებიდან. პირველ სატელევიზიო ინტერვიუში, 2024 წლის 11 თებერვალს ის საუბრობდა სასამართლოს მიერ დაწყებული შეთანხმების პროცედურის შესახებ, აცხადებდა, რომ მთავრობას რჩებოდა სამი დღე თავიანთი წინადადების წარსადგენად და რომ მომჩივანი ციხიდან უპირობო გათავისუფლებას ითხოვდა. მეორე სატელევიზიო ინტერვიუში, 2024 წლის 19 თებერვალს მან საზოგადოებას აცნობა მთავრობის უარის შესახებ საქმის მორიგებით დასრულებაზე. მან განმარტა, რომ მორიგება გულისხმობდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის აღიარებას მომჩივნის მიმართ. მთავრობამ გამოთქვა პრეტენზია ინდივიდუალური განაცხადის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენების შესახებ და სასამართლოს განაცხადის უარყოფა სთხოვა.

2024 წლის 8 და 10 მარტს მომჩივანმა წარმოადგინა თავისი არგუმენტები და მოსთხოვა სასამართლოს განაცხადის დასაშვებად ცნობა და მისი განხილვის გაგრძელება. მან განაცხადა, რომ მისმა წარმომადგენელმა მხოლოდ ის ინფორმაცია გაამჟღავნა, რომელიც ეხებოდა მისი საქმის სასამართლოში განხილვის პროცედურულ ასპექტებს, ისეთს, როგორიცაა ვადები. ციხიდან უპირობო გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ კი განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რადგან ის თანმიმდევრულად ჟღერდებოდა სხვადასხვა ორგანოების წინაშე მისი სასამართლო პროცესის დასაწყისიდანვე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ, კონვენციის 39-ე მუხლი 2-ის თანახმად, მორიგების მოლაპარაკებები კონფიდენციალურია. ის კრძალავს მხარეების მიერ მორიგების მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებას, იქნება ეს მედიის საშუალებით, წერილით თუ სხვა საშუალებებით.

გარდა ამისა, კონფიდენციალურობის პრინციპის ზოგადი მიზანია, დაიცვას მხარეები და სასამართლო შესაძლო ზეწოლისგან. შესაბამისად, მორიგების მოლაპარაკებების კონფიდენციალურობის ვალდებულების განზრახ დარღვევა შეიძლება ჩაითვალოს განაცხადის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებად და გამოიწვიოს განაცხადის უარყოფა.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის წარმომადგენელმა განზრახ გაამჟღავნა მორიგების მოლაპარაკებების დეტალები, კერძოდ, ინფორმაცია მათი პროცედურული ეტაპებისა და მხარეთა პოზიციის შესახებ. კონვენციის 39-ე მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის 62-ე წესი 2 პირდაპირ იყო მითითებული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის წერილში, როდესაც დაიწყო მორიგების პროცედურა. აქედან გამომდინარე, მომჩივანი და მისი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებული ამ მოთხოვნის შესახებ და უნდა შეესრულებინათ ეს წარმოების ყველა ეტაპზე. მათ არ გააკეთეს ეს და ვერ წარმოადგინეს ამის რაიმე დასაბუთება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის წარმომადგენლის ასეთი ქმედება წარმოადგენს კონფიდენციალურობის წესის დარღვევას, რაც, სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, ასევე უნდა ჩაითვალოს ინდივიდუალური განაცხადის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებად. აქედან გამომდინარეობს, რომ განაცხადი დაუშვებელია და უარყოფილი უნდა იყოს კონვენციის 35-ე მუხლის 3 (ა) და 4-ის შესაბამისად. ამ მიზეზების გამო სასამართლო ერთხმად აცხადებს განაცხადს დაუშვებლად“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.