ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ნავალნის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სტრასბურგის სასამართლოს პალატის შვიდმა მოსამართლემ დაადგინა, რომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის მიხედვით, რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მითითება მიეცა, მხარეების ინტერესებისა და საქმის სათანადო განხილვისთვის.
სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესს იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მომჩივანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლისთვის საფრთხეს ხედავს.
ნავალნის ადვოკატების განცხადებით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და ის პირველად მიიღეს.
მანამდე რუსეთის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე ალექსეი ნავალნის ვერ გაათავისუფლებენ, რადგან ეს იქნება „სუვერენული ქვეყნის სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევა და შესაბამისად, წითელი ხაზების გადაკვეთა.“
ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში რუსეთის 17 იანვარს დააკავეს. სასჯელაღსრულების სამსახური ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ადანაშაულებს, რის გამოც სასამართლომ მას პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა.
ამის შემდეგ ალექსეი ნავალნიმ ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტს მიმართა და მოითხოვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაიწყოს საქმის განხილვა, რადგან მოსკოვი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს.