პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პარტნიორი ქვეყნების დროშის დაზიანებაზე სანქციები დაწესდება
ახალი კანონპროექტით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც, პარტნიორი ქვეყნების დროშის დაზიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად ხელი შეეწყობა ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვის პრევენციას, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვის თავიდან აცილებას, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობას.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, ხათუნა სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი.