ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს პირველად ეწვევა
14-16 მაისს საქართველოს პირველად ეწვევა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სტავროს ლამბრინიდისი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.
ვიზიტი დაგეგმილია ინიციატივა Good Human Rights Stories-ის (GHRS) მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური გამოცდილების გავრცელებას.
„აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, მომზადდა 15 ქვეყნისაგან შემდგარი სია, რომელიც შედგება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყნებისაგან. საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხსენებულ სიაში მოხვდა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, 15 მაისს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება სპეციალური წარმომადგენლის საჯარო ლექცია თემაზე: „ადამიანის უფლებათა დაცვა ცვალებად სამყაროში: ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა“.