ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტის კენჭის ყრა გადადო
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭის ყრა გადაიდო.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე კოლეგებთან კონსულტაციების გავლა.
მისი თქმით, აუცილებელია, ოქროს შუალედის დაცვა, რათა თანხის გადახდის კუთხით ავტომფლობელებს ზედმეტი ვალდებულებები არ დაეკისროთ.
„ცვლილებების მიზანი ავტოავარიის დროს მესამე პირების დაცვაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მესამე პირები ავტოავარიით არიან დაზარალებულები და რეალურად შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ. რეგულაციები, რაც განვითარებულ, დასავლურ ქვეყნებში მოქმედებს, მისასალმებელია, მაგრამ ამავდროულად დაზღვევის ისეთი სახე შემოდის, რაც სავალდებულო იქნება კონკრეტული მანქანების მფლობელებისთვის. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა თანხის გადახდის კუთხით ადამიანებისთვის ზედმეტი ვალდებულებების დაკისრება არ მოხდეს, აქ ოქროს შუალედია მოსაძებნი. ამ საკითხზე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს ჩვენი მოსაზრება გვაქვს, მაგრამ რადგან ჩვენ არ ვართ კომიტეტი, რომელმაც პროფილის მიხედვით საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების დეტალებში შესვა შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანია, კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან გავიაროთ. მნიშვნელოვანია, შეჯერებულ პოზიციამდე მივიდეთ. ჩვენ კენჭის ყრა გადავდეთ. ვნახოთ უმრავლესობის შიგნით ამ საკითხს როგორ გავივლით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
კომიტეტის სხდომაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული კანონპროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარადგინა.
როგორც ნათია მიქელაძემ აღნიშნა, კანონპროექტში გათვალისწინებულია ის სადაზღვევო პრემიები და ლიმიტები, რომელიც კანონის მიღების შემდეგ ამოქმედდება.
მისივე თქმით, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სადაზღვევო პრემია წელიწადში 100-დან 150 ლარამდეა გათვალისწინებული. მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი; სატვირთო ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება–210.00-310.00ლარი;
„სადაზღვევო პრემიები წლიურია და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა წლიურად უნდა გადაიხადონ. კანონითვეა გათვალისწინებული ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც შემთხვევის დადგენის დროს ანაზღაურება მოხდება. ჯანმრთელობის, ქმედუუნარობის, ან სიცოცხლისთვის მიყენებული ზიანისთვის დადგენილი სადაზღვევო ლიმიტი 30 ათასი ლარი იქნება, ხოლო ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვეო ლიმიტი 25 ათასი ლარის ფარგლებში. გამონაკლისია დროებით შემოყვანილი განუბაჟებელი მანქანები, რომლისთვისაც წლიური სადაზღვევო პრემია არ იქნება გადასახდელი. ჩვენი ვარაუდით კანონპროექტი პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, რადგან მოსამზადებელი პერიოდია გასავლელი, მათ შორის საინფორმაციო ბაზებია მოსამზადებელი“, – განაცხადა მიქელაძემ.