თბილისში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
შსს-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის იანვარში შეიქმნა და მის ფუნქციად ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილის მოტივით, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების, ტრეფიკინგის გამოძიების ხარისხის მონიტორინგი განისაზღვრა.
ამასთან, დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად აღნიშნულ დანაშაულთა გამოძიების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაიზარდა პოლიციის მიმართ ნდობა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამოძიების ხარისხის ამაღლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სისტემის შიგნით უკვე დაწყებულია საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების გამიჯვნა. ამასთან, სამინისტრო ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმას, რაც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების მკაფიოდ განსაზღვრას და გამოძიების პროცესზე გამომძიებლის პასუხისმგებლობის გაზრდას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ფუნქციების გამიჯვნის პირობებში, საგამოძიებო სისტემის რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად, სისტემის შიგნით, ცენტრალიზებულ დონეზე გამოძიების ხარისხის კონტროლი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილის მოტივით, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან, ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი განახორციელებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვა დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით.
შსს-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს გამოძიების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განახორციელებს რეკომენდაციების შესრულების კონტროლს, გამომძიებელთა წახალისებისა და დასჯის წინადადებით მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებს, უზრუნველყოფს მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვას, კოორდინაციას გაუწევს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობას.
დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი დღეს გამოცხადდა.
პრეზენტაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ენიგმმა-2“ (ENIGMMA-2) მხარდაჭერით გაიმართა.