„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - პირველადი შეფასებით, იმ რეგიონებში დაფიქსირებული ხარვეზები, სადაც ორგანიზაციამ მონიტორინგი განახორციელა, საბოლოო შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა, ალეკო ცქიტიშვილმა არჩევნებზე დაკვირვების პირველადი შეფასებები წარადგინა
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცქიტიშილმა განაცხადა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა თავდაპირველად მშვიდ და სამართლიან პირობებში დაიწყო. დილიდანვე შესამჩნევი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა და რიგები საარჩევნო უბნებთან. დღის მეორე ნახევარში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს“.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების პროცესში. იყო დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გაძევების მცდელობაც. ბიულეტენების დათვლის მიმდინარეობისას დამატებით გამოვლინდა პროცედურული სახის დარღვევები, რის გამოც კომისიის წევრები ვერ თანხმდებოდნენ და ბევრ უბანზე დიდხანს გაგრძელდა დათვლის პროცესი, ზოგიერთგან – დილამდეც“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პირველადი შეფასებით, იმ რეგიონებში, სადაც ორგანიზაციამ მონიტორინგი განაახორციელა, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
„თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე – გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის მიმდინარეობისას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი მიანიშნებს, რომ უმეტესწილად ეს დარღვევები გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის. კომისიის წევრთა თუ თავმჯდომარეთა შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს დამრღვევთა გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი – კონფლიქტები. ასევე, გამოვლინდა დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ მრავალჯერ ნახსენები პრობლემა, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში გახსნილი საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებმა არ იციან სახელმწიფო ენა – ქართული, რის გამოც ვერ ახერხებენ გამართულ კომუნიკაციას დამკვირვებლებთან და ამომრჩევლებთან“, – განაცხადა ცქიტისვილმა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, რომ „წინა სხვა არჩევნების მსგავსად, შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა“.
„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდა შესწორება და საარჩევნო უბნის მიმდებარედ 25 მეტრის რადიუსში აიკრძალა პარტიათა კოორდინატორების ყოფნა, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც ამ 25-მეტრიან რადიუსში, ისე მის გარეთ, საარჩევნო უბნის სიახლოვეს, საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი – მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას. ამ დროისთვის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 31 ოქტომბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 18 საჩივარი (აქედან 4 საოლქო საარჩევნო კომისიაში) და 68 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. ეს სტატისტიკა საბოლოოდ კიდევ დაზუსტდება მას შემდეგ, რაც ორგანიზაციას დამკვირვებლებისგან სრული სახით ექნებათ შემაჯამებელი ინფორმაცია საჩივრებისა და ჩანაწერთა წიგნში შეტანილი შენიშვნების თაობაზე“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.