„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით პატიმართა გაშიშვლების პრობლემაზეა საუბარი
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ და სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში, რომელიც 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივნისამდე პერიოდს მოიცავს, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მნიშვნელოვან პრობლემად შემოწმებისას პატიმართა გაშიშვლება სახელდება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში სკანერის აპარატის არსებობის მიუხედავად, დაწესებულებაში შემოწმებისას გაშიშვლება მაინც ხდება. შემოწმება ხდება, როგორც რუტინულად, ისე ბლანკეტურად, დასაბუთების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება N5 დაწესებულების დებულებით დადგენილ სტანდარტებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ხშირ შემთხვევაში, ქალებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ტარდება სრული შინაგანი შემოწმება და, რომ ეს პირადი შემოწმების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. მათ უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება და შესაბამისი სპეციალისტის მიერ მსგავსი სახის შემოწმება უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულში აკრძალული ნივთიერების არსებობის შესახებ.
ანგარიშის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, სრული შემოწმება ჩაუტარდა 514 ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას, ხოლო 566 დაწესებულების დატოვებისას.
„ქალთა საპატიმროში არსებობს სკანერის აპარატი, რომლითაც ხდება შემოწმება, თუმცა პრობლემა მაინც გვაქვს. დაწესებულებაში ქალი პატიმრების მიღებისას ხდება ორივე გზით შემოწმება, მაშინ, როცა სკანერების აპარატი უნდა იყოს შემოწმების ალტერნატიული მეთოდი, რეალურად ეს ასე არ არის. დაწესებულებაში მიღებისას შემოწმების ორივე გზა გამოიყენება – სრული გაშიშვლება და სკანირება. სხვა შემთხვევებში კი, ადვოკატთან ვიზიტის დროს ან სასამართლო პროცესზე დასწრების შემთხვევებში მხოლოდ სკანერის აპარატი გამოიყენება, თუმცა მიღებისას კვლავ რჩება პრობლემა“, – განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა, ნინო ცაგარეიშვილმა.
ანგარიშში ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფიზიკურ გარემოსა და სანიტარულ-ჰიგიენურ პრობლემებზეცაა საუბარი.
ანგარიშის ავტორები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში ჰუმანური მეთოდების დანერგვის კუთხით რეფორმების გატარების რეკომენდაციით მიმართავენ.