„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევას ედავება
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევას ედავება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ცენტრმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ორჯერ მიმართა, მაგრამ სამინისტრომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, დიმიტრი ნოზაძემ იუსტიციის სამინისტროდან 2018 წლის პირველ ნოემბერს გამოითხოვა ინფორმაცია, რამდენი მსჯავრდებულია საქართველოში 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით. იურისტი ასევე მოითხოვდა ინფორმაციას, თუ რამდენი მსჯავრდებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.
ნოზაძის თქმით, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2018 წლის 17 დეკემბერს განმეორებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა, მიეწოდებინათ მონაცემები ამავე წლის პირველ ნოემბერს გამოთხოვილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისივე თქმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს დღემდე არ მიუწოდებია.
დიმიტრი ნოძაზის თქმით, სამინისტრო არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლს, რომელიც საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს, დაინტერესებულ პირზე, 10 დღის ვადაში გასცეს საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაცია.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2019 წლის 30 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რათა სასამართლომ დაავალოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზაციისთვის საჯარო ინფორმაციის მოწოდება.