ადამიანის თავისუფლების ინდექსის მიხდვით, საქართველო მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს
ადამიანის თავისუფლების ინდექსის მიხდვით, საქართველო მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს

ადამიანის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი კვლევა აშშ-ის კატონის ინსტიტუტმა კანადის ფრეიზერის სახელობის ინსტიტუტთან, შვეიცარიის „ლიბერალეს ინსტიტუტთან“ და გერმანიის ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის თავისუფლების ფონდთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა.

რეიტინგის მიხედვით, საქართველოს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ინდექსი შედგენილია ადამიანის პირადი და ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით შემდეგ სფეროებში – კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, გადაადგილების თავისუფლება, რელიგიური თავისუფლება, ასოციაციის, შეკრებისა და საზოგადოებრივი თავისუფლება, თვითგამოხატვისა და ინფორმაციაზე წვდომის თავისუფლება, იდენტობა და ურთიერთობები, მთავრობის სიდიდე, საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლებები, ფულთან წვდომა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება, საკრედიტო, შრომითი და ბიზნესრეგულაციები.

თითოეული ინდიკატორით, ქვეყანა 1-დან 10-მდე ქულით ფასდება, სადაც 10 საუკეთესო მაჩვენებელია.

პირადი თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს 10-დან 7,53 ქულა აქვს მინიჭებული, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით კი – 7,94.

ადამიანის თავისუფლების ინდექსში 162 ქვეყანას შორის პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს, მას მოსდევს შვეიცარია, შემდეგ კი – ჰონგ კონგი. ხუთეულში ასევე არიან კანადა და ავსტრალია. რეიტინგში ბოლო ადგილზეა სირია.