მეცნიერებმა აღმოაჩინეს სრულიად ახალი ტიპის უჯრედი, რომელიც ადამიანის ფილტვების ფაქიზ, დატოტვილ გასასვლელებში იმალებოდა.
ახლად აღმოჩენილი უჯრედები სასიცოცხლო როლს ასრულებს სასუნთქი სისტემის გამართულად მუშაობაში და შესაძლოა, მეცნიერებს მოწევასთან დაკავშირებული ეფექტების ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნაც შთააგონოს.
უჯრედებს, რომლებსაც რესპირატორულ-სასუნთქ სეკრეტორულ (RAS) უჯრედებს უწოდებენ, ციცქნა, დატოტვილ განშტოებებში — ბრონქიოლებში მიაგნეს, რომელთა დაბოლოებებზეც განლაგებულია ალვეოლები, ანუ ჰაერის პაწაწინა ბუშტუკები, რომლებშიც სისხლის მიმოქცევასთან მიმდინარეობს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის გაცვლა-გამოცვლა.
ახლად აღმოჩენილი RAS უჯრედები ღეროვან უჯრედთა მსგავსია — „სუფთა ფურცელი“ უჯრედები, რომლებსაც სხეულში სხვა ნებისმიერი ტიპის უჯრედებად დიფერენცირება შეუძლია; ამავე დროს, შეუძლიათ ალვეოლების დაზიანებული უჯრედების შეკეთება და ახლებად გარდაქმნა.
RAS უჯრედები მკვლევრებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სულ უფრო იმედგაცრუებული რჩებოდნენ იმ შეზღუდვებით, რაც თაგვების ფილტვებზე, როგორც ადამიანის სასუნთქი სისტემის მოდელზე დამოკიდებულებას აქვს. ამ ორს შორის არსებული გარკვეული განსხვავებების გამო, მეცნიერები ცდილობდნენ შეევსოთ ის გარკვეული სიცარიელე, რაც ადამიანის ფილტვების შესახებ ცოდნაში არსებობს.
უჯრედულ დონეზე ამ სხვაობათა უკეთესად გასარკვევად, მკვლევართა ჯგუფმა ჯანმრთელი ადამიანი დონორისგან ფილტვის ქსოვილის ნიმუშები აიღო და ინდივიდუალურ უჯრედებში გენები შეისწავლა; სწორედ ასე გამოვლინდა აქამდე უცნობი RAS უჯრედები.
„უკვე დიდი ხანია, რაც ცნობილი იყო, რომ ადამიანის ფილტვის საჰაერო გზები თაგვებისგან განსხვავდება. თუმცა, ახალმა ტექნოლოგიებმა მხოლოდ ბოლო დროსღა მოგვცა უჯრედთა უნიკალური ტიპის იდენტიფიცირების საშუალება“, — ამბობს კვლევის ავტორი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ედუარდ მორისი.
მკვლევართა ჯგუფმა RAS უჯრედები ქრცვინებშიც აღმოაჩინა, რომელთა რესპირატორული სისტემაც ადამიანისას თაგვებზე მეტად ჰგავს. შედეგად, მკვლევრები ეჭვობენ, რომ ამავე ზომის ან უფრო დიდ ძუძუმწოვართა უმეტესობას ფილტვებში RAS უჯრედები აქვს.
RAS უჯრედები ფილტვებში ორ ძირითად ფუნქციას ასრულებენ. პირველ რიგში გამოყოფენ მოლეკულებს, რომლებიც ბრონქიოლებში თხევად საფარს ინარჩუნებენ და შედეგად, ამ ციცქნა საჰაერო გზებს კოლაფსისგან იცავენ და მაქსიმალურად მაღლა სწევენ ფილტვების ეფექტიანობას.
მეორე — ალვეოლური მე-2 ტიპის უჯრედებისთვის (AT2) მოქმედებენ წინაპარი უჯრედების სახით; ეს გახლავთ ალვეოლების სპეციალური ტიპი, რომლებიც გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ნაწილობრივ გამოიყენება სხვა დაზიანებულ ალვეოლთა აღსადგენად. წინაპარი ეწოდება ისეთ უჯრედს, რომელსაც აქვს უნარი, გარდაისახოს სხვა ტიპის უჯრედად, ზუსტად ისე, როგორც ამას ღეროვანი უჯრედები აკეთებენ.
„RAS უჯრედებს ფაკულტატიური წინაპრები ვუწოდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მოქმედებენ როგორც წინაპარი უჯრედების სახით, ასევე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ჯანმრთელი სასუნთქი გზების შენარჩუნებაში. ანუ, RAS უჯრედები სასიცოცხლო როლს ასრულებენ ჯანმრთელი ფილტვების შენარჩუნებაში“, — ამბობს მორისი.
მკვლევართა აზრით, RAS უჯრედები შეიძლება საკვანძო როლს ასრულებდეს მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებში, მაგალითად, ფილტვის ქრონიკული დაბინდვის დაავადებაში (COPD). ამ დაავადებას იწვევს ფილტვებს შიგნით სასუნთქი გზების განშტოებების ანთება, რაც თავის მხრივ გამოწვეულია მოწევით და ზოგჯერ ჰაერის დაბინძურებით.
სასუნთქი გზების ანთება ფილტვებს საკმარისი ჟანგბადის ათვისებაში უშლის ხელს; შედეგად, COPD-ს ასთმის მსგავსი სიმპტომები აქვს. ამას გარდა, COPD იწვევს ემფიზემასაც, რომლის დროსაც, ალვეოლები გამუდმებით იშლება; და ქრონიკულ ბრონქიტს — ხანგრძლივ და ძლიერ ხველას, რასაც თან ახლავს ჭარბი ნახველი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში COPD-ით სამ მილიონზე მეტი ადამიანი კვდება.
თეორიულად, დაზიანებული ალვეოლების აღდგენის გზით, RAS უჯრედებს შეუძლია COPD-ის ეფექტების პრევენცია ან სულ მცირე შემსუბუქება. თუმცა, მკვლევრები ეჭვობენ, რომ მოწევას შეუძლია დააზიანოს ან მთლიანად დაანგრიოს ახალი უჯრედები და გამოიწვიოს ისეთი დაავადება, როგორიც არის COPD-ი.
სიმპტომების შესამსუბუქებლად, ამ დაავადების მქონე ადამიანებს ხშირად უნიშნავენ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ან ჟანგბადით თერაპიას. თუმცა, ასეთი საშუალებები დროებითი გამოსავალია და დაზიანებულ ფილტვებს ვერ აღადგენს.
RAS უჯრედები პოტენციურად შეიძლება გამოიყენონ სამკურნალო საშუალებათა გასაუმჯობესებლად ან COPD-ის საერთოდაც განსაკურნებლად, თუკი მკვლევრები სათანადოდ შეაგროვებენ ამ უჯრედთა რეგენერაციულ თვისებებს.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.