ადამიანი, რომლის შარდის ბუშტშიც ალკოჰოლი ბუნებრივად წარმოიქმნება — ამერიკელი ექიმები უიშვიათესი შემთხვევის შესახებ იუწყებიან
აშშ-ის ქალაქ პიტსბურგში მცხოვრებ ქალს უჩვეულო სამედიცინო მდგომარეობა აღენიშნება — საფუარის ფერმენტაციის შედეგად, მის შარდის ბუშტში ბუნებრივად იხარშება ალკოჰოლი. ექიმების განცხადებით, ეს გახლავთ ისტორიაში პირველი ასეთი დადასტურებული შემთხვევა.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ მდგომარეობას „შარდის ბუშტის ფერმენტაციის სინდრომი“ ან „შარდის ავტოხარშვის სინდრომი“ უწოდონ. საკმაოდ ჰგავს კიდევ ერთ წარმოუდგენლად უიშვიათეს მდგომარეობას — ავტო-ლუდსახარშის სინდრომს, როდესაც ადამიანი უბრალოდ მიღებული ნახშირწყლებით თვრება, ყოველგვარი ალკოჰოლის მოხმარების გარეშე.
ექიმების აზრით, ახალი შემთხვევა ამ სინდრომთან არის კავშირში. ამის მომსწრე ისინი 61 წლის პაციენტის შემთხვევაში გახდნენ, რომელსაც ღვიძლის დაზიანება და ნაკლებად კონტროლირებადი დიაბეტი აღენიშნება.
ქალმა პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრს ღვიძლის გადანერგვის მსურველთა სიაში შეყვანის მოთხოვნით მიმართა; ექიმები ფიქრობდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემები ალკოჰოლზე დამოკიდებულებით იყო გამოწვეული, რადგან ალკოჰოლზე ჩატარებულმა არაერთმა შარდის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
„თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ის ალკოჰოლდამოკიდებულებას მალავდა. თუმცა, შემდეგ შევნიშნეთ, რომ პლაზმის ტესტმა ეთანოლზე და შარდის ტესტმა ეთილის გლიკორონიდსა და ეთილის სულფატზე, რომლებიც ეთილის მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებებია — უარყოფითი პასუხები აჩვენა. ამავე დროს, დადებითი იყო შარდის ტესტის შედეგები ეთანოლზე“, — განმარტავენ ექიმები.
გარდა ამისა, პაციენტი კატეგორიულად უარყოფდა ალკოჰოლის მოხმარებას და კლინიკაში ვიზიტების დროს არ აღენიშნებოდა ინტოქსიკაციის ნიშნები; მიუხედავად ამისა, მის შარდში მაინც მაღალი იყო ეთანოლის შემცველობა.
კიდევ ერთი საიდუმლო იყო დიდი ოდენობით გლუკოზა მის შარდში, მდგომარეობა, რომელსაც ჰიპერგლიკოზურიას უწოდებენ; ამ დროს შარდში ასევე მაღალია საფუარის განაყოფი უჯრედების დონე.
„ამ აღმოჩენამ გვიბიძგა შეგვემოწმებინა, მოახდენდა თუ არა შაქრის ფერმენტაციას და შესაბამისად, ეთანოლის წარმოქმნას შარდის ბუშტში მოხვედრილი საფუარი“, — წერენ მკვლევრები.
პაციენტის შარდზე ჩატარებული ტესტებით მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა ეთანოლის წარმოქმნის თვალშისაცემად მაღალი დონე, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ასეთი უცნაური შედეგების მიზეზი ის იყო, რომ მის შარდის ბუშტში საფუარი ახდენდა შაქრის ფერმენტაციას.
კონკრეტული საფუარი Candida glabrata აღმოჩნდა, ორგანიზმში არსებული ბუნებრივი საფუარი, რომელიც ლუდის ხარშვის საფუარის მსგავსია, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში ორგანიზმში ასეთი მაღალი მაჩვენებლით არ გვხვდება.
სამწუხაროდ, აღნიშნული საფუარის გასანადგურებლად წარუმატებელი აღმოჩნდა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რისი მიზეზიც პაციენტის ცუდად კონტროლირებადი დიაბეტი იყო. ქალის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმებმა მისთვის ღვიძლის გადანერგვა გადაიფიქრეს, მაგრამ არაფერს ამბობენ, როგორია ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პაციენტის შემთხვევის კვლევისას, ექიმებმა ასევე შეიტყვეს სხვა ასეთი შემთხვევების შესახებაც, როდესაც შარდში ალკოჰოლი იწარმოება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, გვამებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში.
მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, ეს უიშვიათესი სამედიცინო მდგომარეობა სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ, მაგრამ ვერ ხდებოდეს სიმპტომების ამოცნობა, რადგან ამ პათოლოგიის ბუნება უჩვეულო და დიდწილად გაურკვეველია.
კვლევა ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.