ადამიანი, რომელიც საქართველოს სიხარულს ამცნობდა - დღეს კოტე მახარაძის დაბადების დღეა (ვიდეო)
დღეს კოტე მახარაძის დაბადების დღეა – ქართველი მსახიობი და პოპულარული სპორტული კომენტატორი 94 წლისა გახდებოდა.
საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სახალხო არტისტი (1966), შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და ახმეტელის პრემიების ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე (1996), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე. ათწლეულების მანძილზე ქართველი სპორტსმენების წარმატებების პირველი მაცნე და მაუწყებელი გახლდათ. მის განუმეორებელ რეპორტაჟებს მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან, სხვადასხვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებიდან აღტაცებაში მოჰყავდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსმენელი და მაყურებელი.
მას მიჰყავდა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის ორი ისტორიული თამაშის რეპორტაჟი – 1964 წლის 18 ნოემბერს (ეროსი მანჯგალაძესთან ერთად) ტაშკენტიდან, როდესაც თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფიდან, სადაც „დინამომ“ ევროპის თასების თასი მოიპოვა.
„წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში! ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა – თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს“, – ქართველი კომენტატორის რუსულად ნათქვამი (რეპორტაჟი საბჭოთა ტელევიზიით გადაიცემოდა) ეს ემოციური ფრაზა გახდა მიზეზი, რის გამოც საბჭოთა უშიშროებაში დაიბარეს და სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. 2020 წელს კი ეს ფრაზა უეფა-მ ევროპული ფეხბურთის კომენტატორთა ყველა დროის 60 უდიდეს ფრაზაში შეიყვანა.
„ეს ფრაზა საბჭოთა კომენტატორმა კოტე მახარაძემ თქვა, რომელიც ქართველი იყო. ამ კომენტარის გამო მახარაძე საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა გამოკითხა, რომ გაეგოთ, რომელ „ქვეყანას“ გულისხმობდა ის. რადგან ბევრმა ამ ფრაზაში საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაინახა“, – წერდა უეფას ოფიციალური საიტი.
განუმეორებელი კომენტატორი 2002 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.