„წარმომიდგენია, ახლა რა ხდება თბილისში“ - უეფა-მ უკვდავ ფრაზებში კოტე მახარაძის სიტყვები გამოარჩია
„წარმომიდგენია, ახლა რა ხდება თბილისში“ - უეფა-მ უკვდავ ფრაზებში კოტე მახარაძის სიტყვები გამოარჩია

უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე სხვადასხვა ქვეყნის კომენტატორთა ის არაორდინარული და ხმაურიანი ფრაზები გამოქვეყნდა, რომლებმაც ევროპულ ფეხბურთში ადგილი დაიმკვიდრა და ისტორიას შემორჩა.

„საუკეთესო კომენტარს, იქნება ის რადიოთი თუ ტელევიზიით, გამოსახულებაზე უკეთ შეუძლია ასახოს მომენტი“, – ასე იწყება უეფა-ს ვებგვერდზე წერილი, რომელიც უკვდავ ფრაზებს მიეძღვნა.

უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამორჩეულ, არაორდინარულ და ხმაურიან ფრაზებს შორის კოტე მახარაძის უკვდავი სიტყვებიც მოხვდა.

„წარმომიდგენია, ახლა რა ხდება თბილისში. ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა“, – ამ დაუვიწყარი სიტყვებით აღნიშნა კოტე მახარაძემ 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში, უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალში „დინამოელთა“ გამარჯვება.

ამის შესახებ განმარტება „დინამო თბილისის“ ვებგვერდზეც გაკეთდა: „აღნიშნული სიტყვების გამო, კოტე მახარაძით სუკ-ის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ, რათა გაერკვიათ, რომელ ქვეყანას გულისხმობდა ქართველი კომენტატორი“.