კადრები პირველი არხის არქივიდან - საქართველოს ნაკრები ბულგარეთში, რეპორტაჟი კულუარებიდან [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის არქივში ბევრი საინტერესო მასალაა. ახლა შემოგთავაზებთ გოგი თორაძის მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც საქართველოს ნაკრების ბულგარეთში გამგზავრება და ევრო 1996-ის შესარჩევი მატჩია ასახული.

1994 წლის 12 ოქტომბერს, სოფიაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსან ბულგარეთს ესტუმრა. კადრებში ასახულია ჩვენი გუნდის გამგზავრება; როგორ ცდილობს აეროპორტში შექმნილი პრობლემების მოგვარებას ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი; როგორ ერთობიან ფეხბურთელები თვითმფრინავში; როგორი განწყობით ვარჯიშობენ მატჩისწინა მოთელვისას…

„სხვა დროს ბევრი მატჩი წამიყვანია, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი უცხოეთში, თანაც მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ გმირთან, ბულგარეთის ნაკრებთან ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს კოტე მახარაძე თამაშის წინ.

ეს ყველაფერი ამ გადასახედიდან ისე ჩანს, როგორც „პირველ მერცხალი“ – პირველი ნაბიჯები, იმედები, პირველი იმედგაცრუება, კურიოზული პრესკონფერენცია, სადაც თარჯიმანი სიგარეტს აბოლებს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სოფიაში, ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან რეალური შანსი ჰქონდა, რომ მინიმუმ არ წაეგო. პირველ ტაიმში ორი გოლის გატანის მშვენიერი შესაძლებლობა მიეცა თემურ ქეცბაიას, მაგრამ ამ შანსებით ვერ ვისარგებლეთ და მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ემილ კოსტადინოვმა ხუთი წუთში დუბლი შეასრულა. ბულგარეთმა 2:0 მოიგო.

 

 

დატოვე კომენტარი