ადა მარშანიამ სალომე სამადაშვილს მიმართა - თქვენ გაქვთ მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა, მაგრამ არავითარი მორალური და ზნეობრივი უფლება, ისაუბროთ ადამიანის უფლებებზე [ვიდეო]

პოლიტიკური ხარაკირი უნდა გააკეთოთ თქვენ, დიდი ხანია, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

„აქ მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ, ქალბატონო ვითომ ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტისა, განსაკუთრებულ მონა-მორჩილებაში მყოფი სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა გამოსასვლელად ემზადებიდით ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად. ტელევიზიები დაგესეოდნენ და ამიტომ განსაკუთრებულად მოემზადეთ. გულწრფელ კომპლიმენტს გეუბნებით, მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ არავითარი მორალური და ზნეობრივი უფლება არ გაქვთ, ადამიანის უფლებებზე ისაუბროთ და პოლიტპატიმრებზე საერთოდ ხმა არ გაქვთ ამოსაღები. მართლა სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, სირცხვილი იმისთვის, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობა“, ანასხლეტი კრიმინალური რეჟიმისა, ან რატო ანასხლეტი, თავისი საკვანძო პირებით, ლიდერებით, თანამდებობის პირებით გამოფენილები არიან პარლამენტში. როგორც მისწორებს მე ბატონი ბოკერია, კი არ ვზივართო, ვსხედვართო, თქვენ უნდა ისხდეთ ყველანი ციხეში, მე რომ მკითხოთ. საერთოდ, ძალიან გთხოვთ რა, ხმა დაიდაბლეთ, საერთოდ არ ამოიღოთ, ბოდიში მოუხადეთ საქართველოს მოსახლეობას და საზოგადოებას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველაზე მთავარი კანონი საზოგადოებაში, ადამიანურ საზოგადოებაში არის მორალური და ზნეობრივი კანონი, ქალბატონო სალომე, ამას შეგახსენებთ და გეუბნებით მტკიცედ, რომ თქვენ და თქვენს გუნდს უფლება არ აქვს არც მორალური, არხ ზნეობრივი, რომ ხმა ამოეღოთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიას განცხადება მოჰყვა სალომე სამადაშვილის კითხვებს, რომლითაც მან სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართა. კითხვები შეეხებოდა გიორგი რურუას საქმესა და 20 ივნისის მოვლენებს.