ადა მარშანია - ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რაც კრემლის გარეშე არ გამოვა, ეს არის მწარე რეალობა
ადა მარშანია - ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რაც კრემლის გარეშე არ გამოვა, ეს არის მწარე რეალობა

ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, ზუსტად რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ განაცხადა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ადა მარშანიამ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მან ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს მიმართა.

„ჩვენ რომ მოჯადოებულ წრეში დავდივართ თქვენ ამას ხედავთ, კონკრეტულად მარტო თქვენ ეს არ გეხებათ, მომავალ პრემიერს ვეუბნები უფრო, კარგია ჟენევისა და კარასინი-აბაშიძის ფორმატი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ხაზგასმით ამ ფორმატებს. მათ თავიანთი ფუნქცია და შინაარსი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ჩვენ ამ ორ ფორმატში, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ მოგვიტანს ოდნავ მაინც პოზიტივს და წინსვლას, რადგან დიდი ხანია, ქვეყანა უნდა მოემზადოს უფრო სერიოზული და ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის ამ საკითხში. ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, ზუსტად რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე არ გამოვა, არ გამოვა, ეს არის მწარე რეალობა“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

დეპუტატის თქმით, ამაში მოსკოვში ვიზიტების დროს კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში, ამიტომ მოგიწოდებთ, იფიქროთ ამაზე, ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში. როგორ უნდა მოხდეს ეს, მომზადება უნდა დავიწყოთ. დიდი ხანია, ვაგვიანებთ ძალიან. მინდა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ყურადღება მივაქციო მიმდინარე პროცესებს მსოფლიოში, რა ბრძანა მაკრონმა, რას ამბობენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების ლიდერები, იმ ქვეყნების, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკას ფორმირებენ რუსეთის მიმართ. ჩვენ ეს მოგვწონს თუ არა, ეს არის რეალობა, რომელსაც ბოლოს და ბოლოს თვალი უნდა გავუსწოროთ, ვერანაირი პოზიტივს ვერ მივიღებთ“, – მიმართა ადა მარშანიამ ფრაქციის სხდომაზე გიორგი გახარიას.

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები დღესაც გრძელდება. ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქცია  „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან იმართება.