ადა მარშანია - არ მოვიჭრათ თავი დუნიაზე, ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ
ბევრი ცუდი გადაწყვეტილება მიიღო ამ მოწვევის პარლამენტმა და ჩვენ, როგორც პარლამენტმა, ბევრჯერ მოვიჭერით თავი – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.
როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე, „პატრიოტთა ალიანსი“ არც „ქართული ოცნებისა“ და არც „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტებს არ უჭერს მხარს.
„ბევრი ცუდი გადაწყვეტილება მიიღო ამ მოწვევის პარლამენტმა და ჩვენ, როგორც პარლამენტმა, ბევრჯერ მოვიჭერით თავი – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა. ამ მეტად ფუნდამენტალური და სტრატეგიული საკითხის განხილვის დროს, მინდა გითხრათ, მთლად დუნიაზე ნუ მოვიჭრით თავს ამ მოწვევის პარლამენტი. ერთია, რომ ეს კანონპროექტები არ მოგვწონს, მეორეა, აზრი არ აქვს ამ დარბაზში არავითარ არგუმენტს. მოდით, გავიაზროთ, რა წონის კანონპროექტი გვაქვს მისაღები. განვიხილოთ მესამე ვარიანტიც. უნდა მივიღოთ მაქსიმალურად კარგი ვარიანტი, რათა მოსახლეობა არ მოგვადგეს ამ შენობასთან. ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება ბოლოს და ბოლოს აქ, თქვენ თვალწინ, თავის აზრს და თავის პოზიციას ძალიან აგრესიულად და ხმამაღლა დააფიქსირებს. აქამდე მიგვყავს ჩვენ ეს საქმე. გთავაზობთ, განვიხილოთ მესამე ვარიანტი და მერე საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდეთ კენჭისყრაზე. კიდევ ერთი – ვინ ყოფილა ეს ბატონი ჩინჩალაძე? ეს რა ზე-თვისებების მქონე აღმოჩნდა, თუ უვარგის და ძალიან მძიმედ უვარგის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, თუ ეს ერთობლივია? თურმე რა უნარი ჰქონია ამ ბატონს მობილიზების, ერთად დგომის, ბრძოლის. კლანი ჰქვია ამას თუ ბანდა, თუ მაფია, რა მნიშვნელობა აქვს, პლუს ამას უვარგისი ხელისუფლება, და მივიღეთ ბასტიონი წინააღმდეგობისა, პირდაპირ ბასტიონი. ხომ არ შევთავაზოთ, ბატონებო, ამ ადამიანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში? ეს რა ზე-უნარ-ჩვევებით არის თურმე დაჯილდოებული. რა ხდება ჩვენს თავს? არ მოვიჭრათ თავი დუნიაზე, პარლამენტის წევრებო, ამას გეუბნებით, ძვირფასო კოლეგებო. პარლამენტის წევრები ვართ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.