დღეს ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა აჭარულ დერბს უმასპინძლა, რომელსაც “დე ლა მანდარინას” უწოდებენ.
ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. 26-ე წუთზე, ანგარიში გიორგი ჯანელიძემ გახსნა, რომელმაც პენალტი უნაკლოდ გამოიყენა 0:1.
მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ბათუმელებმა მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღეს. 89-ე წუთზე გიორგი ილურიძემ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო მთავარი არბიტრის მიერ დამატებულ დროში (90+3) მასპინძლებმა მესამედაც გაუშვეს. საბოლოო ანგარიში ბექა ვარშანიძემ დააფიქსირა 0:3 და გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა „დინამომ“ მიმდინარე სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა.