ხმაური იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში. შენობის დერეფანში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკების თემა ნეპოტიზმი გახდა. დეპუტატები ერთმანეთს უმტკიცებდნენ, რომელი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნისას უფრო მეტად იყო ნეპოტიზმი აჭარაში.
„ქართული ოცნების წევრები ამტკიცებენ, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი იყო ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, რომ ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭო დააკომპლექტა თავისი ნათესავებით, რაც სასაცილოა. ჩვენი მმართველობის პერიოდში პროფესიონალიზმის ნიშნით ირჩეოდნენ კადრები და ამიტომ ვიყავით წარმატებული“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
„მცირე კონფლიქტის სათავე რა იყო, არ ვიცი. ერთი რამ ვიცი, ბაგრატიონმა მთელი გამოსვლა ააწყო, როგორი სუსტი თავმჯდომარე ვარ და ამასთან ამბობს, რომ მე დავნიშნე ქვისლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ. ალოგიკურია, ხომ? თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორ დავნიშნე. მოკლედ ენა ყველაფერს იტყვის. ჩვენ უნდა მოვისმინოთ და გამოვიტანოთ დასკვნები და ასევე მოსახლეობამ“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.