აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები აქციას მართავენ, ხმაურია. აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებსა და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ამ დროისათვის მოწინააღმდეგე მხარეებს ერთმანეთისგან კორდონით იცავენ.

„თქვენ გამოიყვანეთ საჯარო მოხელეები, რა უნდათ მათ აქ?“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რეზო ხარაზმა.

„როგორ არ გრცხვენიათ, თქვენ გაქვთ ხმა ამოსაღები?“ – პასუხობენ აქციის მონაწილეებს მოწინააღმდეგე მხრიდან.

აქციის მონაწილეები ცდილობენ, უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს ბოქლომი დაადონ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.