დაპირისპირებით დაიწყო აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს საკომიტეტო მოსმენები, რომელზეც საკუთარ ხედვებს რეგიონის შემდგომი განვითარების შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე და მინისტრთა კაბინეტის კანდიდატები წარმოადგენენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს პროცედურებთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდათ. ევროპული საქართველოს წარმომადგენლის, პეტრე ზამბახიძის განცხადებით, არ არსებობს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც იგი ახალი კანონმდებლობის თანახმად, თავმჯდომარის კანდიდატურასთან ერთად წარადგენს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ხელმოწერილ დოკუმენტში გათვალისწინებულია მინისტრთა კაბინეტიც, რომელიც მას თორნიკე რიჟვაძემ შესთავაზა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე ნახევარი საათის განმავლობაში დეპუტატების კამათის დასრულებას ელოდა, რათა მოხსენება დაეწყო.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებს თანამდებობები შეუნარჩუნა, ახალი სახეები იქნებიან ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.
თორნიკე რიჟვაძე ამჟამად დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ უმაღლესი საბჭოს ბიურო ჩანიშნავს რიგგარეშე სესიას, რომელზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება უნდა მოხდეს. დამტკიცებას 11 ხმა სჭირდება, უმრავლესობა კი, რომლის კანდიდატიც არის თორნიკე რიჟვაძე, უმაღლეს საბჭოში 14 ხმას ფლობს.