აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ

არჩევიდან შვიდი თვის შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრობის“ დეპუტაცია შევიდა.

ექვსი დეპუტატი დღეს პირველად რიგგარეშე სხდომაზე მივიდა, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს უსმენენ.

სხდომის დაწყებისთანავე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განცხადების გაკეთება ითხოვა, თუმცა რიგგარეშე სხდომის რეგლამენტიდან გამომდინარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მას ამის საშუალება არ მისცა.

„შვიდი თვეა მუშაობთ, ჩვენ ახლა გამოვედით, გვაქვს სათქმელი, რა მოხდება თუ რეგლამენტი მცირედით დაირღვევა, არ დარღვეულა ოდესმე თუ რა?!“ – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

„რა თქმა უნდა, გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი, როგორც თქვენ, ასევე მეც, მაგრამ იცით, რომ რიგგარეშე სხდომა არ ითვალისწინებს განცხადებებს, მოვუსმინოთ მინისტრს და გექნებათ ამის საშუალებაც, ნუ დავარღვევთ კანონს“, – უპასუხა ბაგრატიონს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21-დან 14 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“, შვიდი კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა ბოიკოტზე უარი თქვა და უმაღლეს საბჭოში რამდენიმე თვის წინ შევიდა. ექვსმა დეპუტატმა კი საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღო.