აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო.
დაპირისპირების მიზეზი გახდა ჟურნალისტების მოთხოვნა, სტრუქტურულ ცვლილებებზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხის შესახებ განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით.
თუმცა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა მათ სხდომის დასაწყისში განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.
დარბაზში იმყოფებოდნენ ტელევიზიის თანამშრომლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი –
ნაწილი მენეჯმენტს უჭერს მხარს, ნაწილი კი ჟურნალისტებს. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება შენობის გარეთაც გაგრძელდა.
„მხოლოდ წუთნახევრიან სიტყვას ვითხოვდით, გვინდოდა დაგვეფიქსირებინა, რომ სტრუქტურული ცვლილებები და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ იწყება მათთვის მიუღებელი კადრების ჩამოშორება და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა“ , -ამბობს ჟურნალისტი ირინა ყურუა.
სხდომას ტელევიზიის დირექტორიც ესწრება. გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება ადამიანების ანგაჟირებულობამ გამოიწვია.
„სამი-ოთხი თვეა, საუბრობენ შიშებზე, საფრთხეებზე, თუმცა დღემდე არაფერი საშიში არ ხდება, არავის ემუქრება საფრთხე, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები არიან ანგაჟირებულები“,-ამბობს გიორგი კოხრეიძე.
შესვენების შემდეგ ჟურნალისტებმა განცხადების გაკეთება მაინც მოახერხეს.
„ჩვენ გვინდოდა მოგვეწოდებინა, რომ სტრუქტურული ცვლილებების საკითხი გადაედოთ, რადგან ეს აზარალებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჰაერში რჩებიან ადამიანები და დირექტორის ნებაზეა დამოკიდებული, მათ სად გადაიყვანს. რა თქმა უნდა, სასამართლოს მივმართავთ და წელიწადნახევრის შემდეგ მაინც მივაღწევთ სიმართლის დადგენას“ ,- ამბობს ჟურნალისტი მალხაზ რეხვიაშვილი.
ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, სტრუქტურულ ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გაფიცვის ფორმას მიმართონ.
ჟურნალისტებმა სხდომა დატოვეს. ამ დროისთვის იგი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.