აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფსა და თურქ მებაჟეებს შორის მომხდარ ინციდენტში მონაწილე მებაჟეთა ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლებულია
„25 სექტემბერს, სარფის საბაჟოზე, აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფსა და თურქ მებაჟეებს შორის მომხდარ ინციდენტში მონაწილე მებაჟეთა ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლებულია, ნაწილი კი სხვა ადგილას გადაიყვანეს. ინციდენტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება გრძელდება“, – ეს განცხადება ართვინის გუბერნატორმა ომერ დოღონაიმ აჭარის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრაზე გააკეთა.
ართვინის გუბერნიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ეწვია. ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო გეგმებთან ერთად შეხვედრაზე სარფის საბაჟოს თურქული მხარის ახალი გამშვები პუნქტის გახსნაზეც იყო საუბარი. თავდაპირველად შენობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ საბჟო გაზაფხულზე გაიხსნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბარიერებს, რომლებიც საზღვრის გადამკვეთ მოქალაქეებს რეკონსტრუქციის გამო ექმნებათ.
„აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დასაფასებელია თურქეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება სექტემბრის თვეში შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ორი სასაზღვრო რეგიონის აქტიურ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს განახლებული „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაც, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი“, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
ზურაბ პატარაძე ართვინის გუბერნიის მურღულის სკოლასაც ეწვია, სადაც 2015 წლიდან ქართული ენის შემსწავლელი კლასი მოქმედებს.