აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი - ცალკეული ოპოზიციონერების განცხადებები საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებაზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ეს მუქარად და ზეწოლის მცდელობად აღიქმება
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება განსაკუთრებით შემაშფოთებელია წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან გაჟღერებული გზავნილები ასეთ პირობებში მაუწყებლების მხრიდან აღიქმება მუქარად და ზეწოლის მცდელობად“.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ განცხადებები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით. პოლიტიკოსთა ნაწილი, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა სურთ მიიჩნევს, რომ მაუწყებლის კონტენტი არ მოსწონს და ოპოზიცია ერთობლივად იმსჯელებს ამ საკითხზე მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება. გვინდა, ამ და სხვა პოლიტიკოსებს, რომლებიც, დღეს მათი კოლეგების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს იზიარებენ შევახსენოთ, რომ პლურალისტური მედიაგარემო წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს და ასეთი გარემოს შექმნაში უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყანაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლების არსებობა თამაშობს.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკიდურესად პოლარიზებული მედიაგარემოს დაბალანსების თვალსაზრისითაც, რაც თანამედროვე ქართული მედიის უდიდესი გამოწვევაა.
არავინ გამორიცხავს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლების მუშაობაში ხარვეზები მართლაც იყოს. თუმცა, დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის სრულად რეალიზება არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი.
შესაბამისად, მაშინ, როდესაც საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი მაუწყებლები ჯერ კიდევ განვითარების პროცესში არიან, ცდილობენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს და სრულად შეძლონ იდეის რეალიზება, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მათ გაუქმებაზე საუბარი წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს როგორც უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის, ასევე მთლიანად მედიაგარემოსთვის და აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება განსაკუთრებით შემაშფოთებელია წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან გაჟღერებული გზავნილები ასეთ პირობებში მაუწყებლების მხრიდან აღიქმება მუქარად და ზეწოლის მცდელობად“,- აღნიშნულია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.