აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტები უკვე მოძიებულია
აჭარაში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ერთი შემთხვევის კონტაქტები უკვე მოძიებულია. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრიცი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნონა ეფაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 68 პირიდან 15 საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, 53 მათგანს კი ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათი პასუხები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„კონტაქტების მოძიება შემთხვევის დადასტურებისთანავე დაიწყო. თითქმის ყველა მცირე კონტაქტიც კი შესწავლილია. 15 პირი იზოლაციაში გადავიყვანეთ, 53-ს უკვე ჩაუტარდა „პისიარ ტესტი“ და საღამოსთვის გვეცოდინება პასუხები. დადგენილია მისი ყველა სამსახურებრივი კონტაქტი და სიტუაცია არის კონტროლირებადი. თავად ინფიცირებულის მდგომარეობა არის მსუბუქი”, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
მისი განცხადებით, ინფიცირებული ქალი არ არის ადგილობრივი, თუმცა იგი ქობულეთში მუშაობდა.
გასულ ღამეს აჭარაში კორონავირუსზე 954 პირი გამოიკვლიეს, მათგან ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.