აჭარის საგანგებო ბიუჯეტის პროექტში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა სახელდება
აჭარის საგანგებო ბიუჯეტის პროექტში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა სახელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო ბიუჯეტის პროექტში, რომლის პრეზენტაციაც დღეს რეგიონის მთავრობის სხდომაზე გაიმართა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა სახელდება.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, აჭარაში ფერმერებს სახელმწიფო ტექნიკური საშუალებებით მომარაგებაში, 2 000 ჰექტარი მიწის დამუშავებაში, საჩითილე მეურნეობებიდან მომარაგებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აგროსესხებიც გაიცემა.

„სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით ჩვენ შევთანხმდით და უმაღლეს საბჭოს წარვუდგენთ პროექტს, რომლის საფუძველზეც აჭარაში ყველა გლეხს, ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ასევე პირველადი სასურსათო წარმოების კუთხით. ეს მნიშვნელოვანია შექმნილ გარემოებაში. ჩვენთვის როგორც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ასევე სურსათის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი და შესაბამისად, გარდა იმ პროგრამისა, რომელიც დაანონსდა ცენტრალურ დონეზე, შეღავათიანი აგროკრედიტი და ერთ წლიანი კულტურების ხელშეწყობა-თანადაფინანსება, ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან აჭარაში პრაქტიკულად ყველა გლეხსა და ფერმერს მივცემთ შესაძლებლობას, როგორც ხვნა-თესვის, ასევე შემდგომ ადგილობრივი წარმოების კუთხით ჰქონდეთ მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა სახელწიფოს მხრიდან“, – განაცხადა აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საგანგებო ბიუჯეტი, რომელსაც „კოვიდ-19“-ის მართვის ბიუჯეტი უწოდეს, ინფექციასთან ბრძოლის ღონისძიებების, კარანტინის ზონების ფუნქციონირების, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების ხელშეწყობას ითვალისწინებს. თანხის მოძიება განხორციელდა სხვადასხვა ეკონომიის ხარჯზე, მათ შორის 2,5 მილიონი სამთავრობო უწყებების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებით.

აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ რეგიონის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი ივნისში განიხილება.