საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო. უწყების ცნობით, ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მხოლოდ 6 ობიექტზე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.
„ბოლო საათების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი შეტყობინებები არ შემოსულა.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში – სულ შემოსულია 3 შეტყობინება, რის შედეგადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეტყობინებები არ დაფიქსირებულა.
იმერეთში დაფიქსირებულია 5 შეტყობინება, ამ დროისთვის მხოლოდ ერთ მისამართზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.
რუსთავში დაფიქსირდა 3 შეტყობინება, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მეხანძრე-მაშველებმა მესხიშვილის, წულუკიძისა და ტურგენევის ქუჩებზე აწარმოეს“, – აცხადებენ უწყებაში.
სტიქიის შედეგად საქართველოს არც ერთ რეგიონში არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.