აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და პატრულ-ინსპექტორი მოულოდნელად ცივი იარაღით დაჭრა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, ბათუმში პატრულ-ინსპექტორი ცივი იარაღით დაჭრა მოქალაქემ, რომელმაც საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს გააჩერა.
როგორც ანანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოქალაქე მოულოდნელად დაესხა თავს პატრულ-ინსპექტორს.
„ქალაქ ბათუმში საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს გააჩერა მოქალაქემ. პატრულ-ინსპექტორი გადმოვიდა მანქანიდან, მას ცივი იარაღით მოულოდნელად მიაყენა ჭრილობა მოქალაქემ, რომელიც ადგილზე დააკავა მეწყვილემ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ მოგახსენებთ. გამოძიება დაადგენს ვერსიებს“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.