აჭარის მთიანეთში მეწყრული პროცესების გააქტიურობამ პრობლემები შექმნა
აჭარის მთიანეთში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გუშინ, გვიან ღამით სოფელ წაბლანაში ჩამოწოლილმა მიწის მასამ რამდენიმე სოფლისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა.
საფრთხე შეექმნა ხუთ ოჯახს, რომლებმაც ღამე საცხოვრებელი სახლები დატოვეს და მეზობლებს შეაფარეს თავი. ეს ის სოფელია, სადაც 1989 წელს მეწყერმა 23 ადამიანი იმსხვერპლა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მიმართულებით განვითარდა. უწყების ცნობით, დილიდანვე მობილიზებულია დეპარტამენტის ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ადგილობრივი მნიშვნელობის ზალმეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. წაბლანას გზაზე კი ჯერჯერობით გაწმენდითი სამუშაოები არ დაწყებულა, საჭიროა გეოლოგიური სამსახურის ჩართვა დამეწყრილი ადგილმდებარეობის შესასწავლად. ადგილობრივები, დროებით, შემოვლითი გზით შეძლებენ სარგებლობას. ქედაში კი სამ ლოკაციზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხელვაჩაურში დამეწყრილი გზები რვა მიმართულებით იწმინდება.