აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თორნიკე რიჟვაძე სასტუმრო „რედისონში“ თავდაპირველად – კადიროველებთან, შემდეგ კი რუს ოფიცრებთან ერთად რუსული სიმღერების მოსმენაში დაადანაშაულა.
„გვითხარით, ბატონო თორნიკე, უსმენდით თუ არა რუს ოფიცრებთან ერთად ამ სიმღერას, შვილები დაიფიცეთ, უსმენდით თუ არა. აგერ მაქვს ამ სიმღერის ხმა“, – მიმართა თორნიკე რიჟვაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი კირთაძემ.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მსგავს სიმღერებს არ უსმენს.
„მე არ ვუსმენ ეგეთ სიმღერებს, თქვენ თუ უსმენთ, მოუსმინეთ. ეგა ხართ თქვენ, აღარც დედა იცით, აღარც მამა, დადიხართ გაურკვეველი ჩანაწერებით და უსაფუძვლო ბრალდებებით. ან შვილების დაფიცების მოთხოვნა რას ნიშნავს, სად ისწავლეთ ასე ცხოვრება, რომელ ქალაქში, რომელ ქვეყანაში, სირცხვილია. მოგცემ ფლეილისტს, რასაც ვუსმენ. ესენია: „საქართველოო ლამაზო“, „წვიმა მოგონებებს ასველებს“, „ერთხელ გაკოცებ და წავალ“. მოუსმინეთ“, – მიმართა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა ექვსი საათია, მიმდინარეობს.