აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხვდებიან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატები უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხვდებიან.
გუშინ გამართულ ექვსსაათიანი საკომიტეტო მოსმენაზე, დროის უდიდესი ნაწილი ოპოზიციის კითხვებს დაეთმო, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მათ ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხები და კანდიდატები ფრაქციის სხდომაზე დღეს ისევ დაიბარეს.
“გუშინ იყო გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა, არადა ეს ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყო კომისიებში, ამიტომ შეხვედრა იყო არაორგანიზებული და პასუხებიც ვერ მივიღეთ. ჩვენ ამომრჩევლის წინაშე ვალდებული ვართ, კიდევ უფრო მეტი კითხვა დავსვათ”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გია აბულაძემ.
თორნიკე რიჟვაძე და მინისტრობის კანდიდატები მზადყოფნას გამოთქვამენ ოპოზიციის ყველა შეკითხვას უპასუხონ.
“ოპოზიცია მხარს არ დაგვიჭერს და ეს არის მათი ტაქტიკა, თუმცა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვითანამშრომლოთ მათთან და ვუპასუხოთ ყველა მწვავე კითხვას”, – განაცხადა პირველ არხთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზაალ მიქელაძემ.