აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გადადგა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გადადგა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პატარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე ზურაბ პატარაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი შეაჯამა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მან პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა. გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად, ვიყავი და ვრჩები „ქართული ოცნების“ წევრად, მადლობა მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ მომცა საშუალება, მეზრუნა ჩვენი კუთხისთვის. მინდა, ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო ხალხს, ჩემს აჭარას, ჩემს მაღალმთიანეთს“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის ივლისში აირჩიეს.

ზურაბ პატარაძის გადადგომის გამო, ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც. მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასახელოს. წარდგენისთანავე კი, ახალმა თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. საბოლოოდ, აჭარის მთავრობას უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს ნდობა.