აჭარის მთავრობის შენობასთან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები აქციას მართავენ
აჭარის მთავრობის შენობასთან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ჰესებისა და ავტობანის მშენებლობების, ასევე იპოთეკური სესხებით დაზარალებულები არიან და კომპენსაციებს ითხოვენ. ასევე აქციაზე იმყოფება ე.წ. მუყაოს ქალაქში მცხოვრებთა ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ მათთვის მშენებარე ბინები საკმარისი არ არის და ყველა თვითნებურად შესახლებულთან უნდა გაფორმდეს ინდივიდუალური ხელშეკრულებები.
აქციის ორგანიზატორმა თამაზ ბაკურიძემ ერთი კვირის წინ დააანონსა და განაცხადა, რომ მთავრობის სახლის წინ მრავალათასიანი შეკრება გაიმართებოდა და კარვებსაც გაშლიდნენ.
„რა თქმა უნდა, წვიმამ შეგვიშალა ხელი, თუმცა ეს აქცია არ არის ხალხმრავალი? კარვების გაშლა გადავიფიქრეთ, მომდევნო ერთი კვირა წვიმიანი ამინდია, ამიტომ მთავრობას ვაფრთხილებთ, რომ 10 დღეში ისევ გავმართავთ აქციას. მე მაბრალებენ, რომ ჩემი პიარისთვის ვზრუნავ. აქ ხალხი ჩემი გულისთვის არ მოდის“, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
ბაკურიძეს და აქციის რამდენიმე მონაწილეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე აჭარის მთავრობის სახლში შეხვდა, თუმცა მათ შეხვედრა დატოვეს და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
„ავუხსენით, რომ მუშა პროცესის გავლის შემდეგ შემოუერთდებოდა მთავრობის თავმჯდომარეც. რას ემსახურებოდა ეს პროტესტი, მართლა გაუგებარია. ყველამ იცის, რომ თუნდაც მუყაოს ქალაქში ერთ ეტაპზე არ მთავრდება პროექტი და მხოლოდ 582 ოჯახზე არ ვჩერდებით. მართლა გაუგებარი იყო ეს მოქმედება“, – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცველებმა ორი პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.