აჭარის მთავრობის შენობასთან დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ორი პირი [ვიდეო]

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი და ასევე აქციის მონაწილე ირაკლი ჩხვირკია.

აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა 12:00 საათზე ე.წ. ბუშტების პერფომანსით დაიწყეს და მთავრობის სახლზე მათ მიკვრას ცდილობდნენ, თუმცა შენობასთან ახლოს მისვლის საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი, რომელსაც დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

„რა დააშავა ამ ხალხმა, ბუშტებისთვის რატომ აპატიმრებთ, მაშინ დააკავეთ ყველა მოქალაქე“, – მიმართა ანანიაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

ანანიაშვილის თქმით, არავინ არ აკავებს რიგით მოქალაქეებს უმიზეზოდ.

„დღეს პოლიციელებსაც ძალიან ცუდად ექცევით, პოლიციელების თავზე ბუშტების გაბმა რას ნიშნავს“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

აქციაზე ორი პირის დაკავება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით განხორციელდა. დაპირისპირება ადგილზე კვლავ გრძელდება.