აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა.
ორგანიზაცია „არ დათმოს“ წარმომადგენლები მთავრობის შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რაც სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ამასთან, პოლიციამ დააკავა სამი პირი. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი მჭედლიშვილის განცხადებით, დაკავებულებს შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა.
„დაკავებულია აქციის ორი მონაწილე, ასევე ჯელალ ქიქავაც. ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის მოთხოვნებს, დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ“, – აღნიშნა ირაკლი მჭედლიშვილმა.
ამ დროისთვის აჭარის მთავრობის შენობასთან ვითარება კვლავ დაძაბულია.