ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო. ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.
აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობას წითელი საღებავი შეასხეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
„დაპირისპირება მოჰყვა უმარტივეს, სამართლიან, კანონიერ მოთხოვნას, რაც არის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეშვება და შესვლა მთავრობის სახლში, თუმცა ჩვენ ვხედავთ დამონებულ, დამორჩილებულ პოლიციას. გული მწყდება, როცა ამას ვამბობ, რადგან ეს ადამიანები უნდა იყვნენ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტები და არიან „ქართული ოცნების“, ივანიშვილის უსაფრთხოების გარანტი. ის საღებავები, რაც ახლა ამ ადამიანების სახეზეა, არის ლექსო ლაშქარავას სისხლი, რომელიც მათ კისერზეა. 5 ივლისს უნდა გამოეყვანათ ეს ადამიანები და დაეცვათ იქ თავისუფალი მოქალაქეების უფლებები“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ.