აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ საზოგადოება „ბათომის“, „დაიცავი ძველი ბათუმის“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ბათუმის ბულვარში მშენებლობებს აპროტესტებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის ბულვარის ყოფილ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს, რომელიც ორი დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„აქ მოვედით ცნობილი მოთხოვნებით, რაც ბათუმის ბულვარის გადარჩენას უკავშირდება, ამასთან, სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის ბულვარის ყოფილ დირექტორს, არა მხოლოდ პიროვნულად ირაკლი ჯინჭარაძეს, არამედ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც სიმართლის მხარდაჭერისთვის სამაგალითოდ დაისაჯა“, – განაცხადა „ბათომის“ აქტივისტმა ზეინაბ დიასამიძემ.

აქციის მონაწილეები მთავრობის სახლის წინ, ქუჩაზე წარწერების გაკეთებას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამათალდამცველები არ აძლევენ. აღნიშნულს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ გზის სავალ ნაწილზე წარწერის გაკეთება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, აქციის მონაწილეების თქმით კი, პოლიცია მათი გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ერთი პირი სამათალდამცველებმა დააჯარიმეს.