„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ბათუმელი აქტივისტების ოჯახის წევრებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები შვიდი პირის დაკავებას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ოპოზიციის აქციებში აქტიური მონაწილეების დაკავება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა და ბრალდებულებს პროვოკაცია მოუწყეს.
„ეს არის აქცია, რათა ყოველ დღე შევახსენოთ, რომ ამას არ შევეგუებით. თუ სასამართლო მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას, იქნება ფართომასშტაბიანი აქცია, არა ისე, რომ მოვიდეთ და დავიშალოთ. აქ ჩამოვალთ და ვიდრე ეს მთავრობა არ წავა სახლში, სიკვდილის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, აქ ვიქნებით, ეს არის ჩვენი მესიჯი. დროზე მოეგონ გონს, რადგან არ გვინდა დესტაბილიზაცია. გონს მოეგონ, ვაფრთხილებ“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის მამამ, ჯემალ ჭელიძემ.
გამოძიება შვიდ პირს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა რამდენიმე ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.